შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი ავსტრიის პოლიციის ატაშეს საქართველოში - გერალდ ჰოერმანს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის სამთო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და ამავე დანაყოფის ექსპერტი სტეფან იუნგმანი.
შეხვედრის მიზანი ავსტრიელი კოლეგებისთვის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობების და საჭიროებების გაცნობა იყო. თავის მხრივ, სტუმრებმა ქართულ მხარეს ავსტრიის სამთო-სამაშველო სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ერთობლივი სწავლებების ჩატარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.
ავსტრიული მხარის წარმომადგენლები სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზასაც ესტუმრნენ, სადაც სტუმრებს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა - ნინო ბარქაიამ და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა - ავთანდილ თუთისანმა უმასპინძლეს. ავტრიელი ექსპერტები ბაზაზე სამთო-სამაშველო მიმართულებით საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ და ქართველი მაშველების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავსტრიის თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (ADA) სამთო-სამაშველო დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. პროექტის ფარგლებში ყაზბეგის სამაშველო დანაყოფისთვის შეძენილ იქნა საბაზისო სამთო აღჭურვილობა. ავსტრიელი ექსპერტები ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო სამაშველო განყოფილებასაც ესტუმრნენ და აღჭურვილობა დაათვალიერეს.