შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მაშველებმა წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

მაშველებმა წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
 
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა საჩუქრები გადასცა ხუთ მაშველს: გიორგი სახეიშვილს, ზურიკო ჩხარტიშვილს, გიორგი ველიჯანაშვილს, ირაკლი გოგუაძეს და ია ოქროპირიძეს, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოქალაქეთა სიცოცხლე გადაარჩინეს.
 
თითოეული მათგანი ბოლო ორი თვეა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დამსვენებელთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე, შავ ზღვაში, 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში - შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დასვენებისას დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები:
 
- ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;
 
- არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს;
 
- არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე;
 
- დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში;
 
- კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.