შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასვა აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს ტყისა და მინდვრის ხანძრების, ასევე სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის (Polish Aid) გრანტით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოლონურ მხარესთან წლებია აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს. საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ქართველ მეხანძრე-მაშველთა შესაძლებლობების განვითარება სპეციალური აღჭურვილობის მიწოდების, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ტრენინგებისა და საველე სწავლებების ორგანიზების გზით.
2021 წელს გრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ასევე, ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან. მიმდინარეობს 3 წლიანი თანამშრომლობის გეგმის შემუშავება მეხანძრე-მაშველთა მზადყოფნისა და რეაგირების უნარების გაძლიერების კუთხით.