შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებაში მონაწილეობენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში სულ 30 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 გოგო მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობს.
ამერიკელი ინსტრუქტორები ორი კვირის განმავლობაში, წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალურ პრაქტიკულ კურსს ჩაუტარებენ, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენს. სწავლების ფარგლებში, მაშველები სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებების და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც გადაემზადებიან.
პროექტის ფარგლებში, ამერიკელი პარტნიორების მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მეხანძრე-მაშველისთვის შესყიდულ იქნა სპეციალური პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა.
სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებიც ესწრებიან, ჯამში 15 წარმომადგენელი.
სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება 5 აგვისტოს დასრულდება და მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.