შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის რექტორს, გენერალ მარიუს ფელტინოვსკის ონლაინ ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებს შორის, დეტალურად იყო განხილული მიმდინარე წელს დამტკიცებული 3 წლიანი პროექტი, რომლის მიზანია ერთობლივი სწავლებების დაგეგმვა და ქართველ მეხანძრე-მაშველთა მზადყოფნისა და რეაგირების უნარების კიდევ უფრო გააძლიერება. პროექტის ფარგლებში ქართულ მხარეს ვარშავის სახანძრო სკოლა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობას გადმოსცემს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შსს აკადემიასთან ერთად, ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის საგრანტო პროგრამების მთავარი ბენეფიციარი უწყებაა. საერთაშორისო სახანძრო-სამაშველო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს პერიოდულად სასწავლო კურსების ჩატარებას, როგორც სამაშველო, ასევე, სახანძრო მიმართულებით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლებლობების განვითარების კუთხით, პოლონეთის რესპუბლიკასთან 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სასწავლო პროექტი. პოლონელი პარტნიორების დახმარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო შესაძლებლობები და აღჭურვილობა.