შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით სპეციალური სწავლება გაიარეს. გადამზადების 10 დღიანი კურსის ფარგლებში, სწავლების 12-მა მონაწილემ კვალიფიკაცია ადგილობრივი საგანგებო მართვის გეგმის შედგენის მიმართულებით აიმაღლეს, რის შემდეგაც სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას 11 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.
სამაგიდო სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში წარიმართა და მას დარგის საერთაშორისო ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.
კურსის გახსნის ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშოვა დაესწრნენ.
სწავლება UNDP-ის კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ფონდი საქართველოს მთავრობას კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომის დანერგვაში ეხმარება, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც აქტიურადაა ჩართული.