შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მაშველები საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 100-მდე ადამიანს დაეხმარნენ

მაშველები საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 100-მდე ადამიანს დაეხმარნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მიმდინარე საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა განსაკუთრებული მამაცობისთვის სამახსოვრო საჩუქრები 3 მაშველს - მამუკა წულუკიძეს, დავით ბაუჟაძეს და ბექა ხელაძეს გადასცა. სამივე მათგანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენიმე რთული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 2021 წლის საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე, დაახლოებით ერთთვიან მონაკვეთში წყალში მყოფი 70 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე იპოვეს 10 გზააბნეული მოქალაქე, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. სანაპირო ზოლზე მორიგეობისას, მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 12 დამსვენებელს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დასვენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.
ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.