შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე სპეციალური სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის მომსახურებისა და დასაწყობებისთვის ახალი ნაგებობა დამონტაჟდა. მასში საკომპრესორო სივრცე და ტექნიკური მომსახურების ოთახია, ასევე, გათვალისწინებულია სამრეცხაო-საშრობი და სასაწყობე სათავსოები. შენობის საერთო ფართობი 72 კვ/მ-ს შეადგენს და აღჭურვილია გათბობა-გაგრილების, ჰაერის ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემებით.
ახალი ნაგებობა უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველების მომზადების პროცესს დამუხტული და ტექნიკურად გამართული მხედველობისა და სუნთქვის ორგანოების დაცვის ინდივიდუალური აპარატებით. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე განთავსებული ახალი შენობა და მასში განთავსებული სპეციალური აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოში პოლონეთის ელჩმა - მარიუშ მაშკიევიჩმა დაათვალიერეს.
შენობის დამონტაჟება და მისთვის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივითა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „პოლონეთის განვითარება და თანამშრომლობა" - მხარდაჭერით განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის მთავრობასთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს უკვე გადაეცა სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, განხორციელდა ინსტრუქტორების გადამზადება/სერტიფიცირების პროცესი და გამოიცა სასწავლო ლიტერატურის სახელმძღვანელო.