შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოვილას სტრაზდასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ლევან ღირსიაშვილმა სტუმარს უწყებაში არსებული სიახლეები გააცნო. ამერიკულმა მხარემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერა დაუდასტურა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში დახმარების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ნინო ბარქაია და ODC-ის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი, მაიორი დანიელ სეკულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის სწავლებებისა და სემინარების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, აღნიშნული ოფისის დახმარებით მნიშვნელოვანად გაძლიერდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობები.