შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან (US ODC), საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, "რენოს" მარკის სახანძრო მანქანა გადაეცა.
ავტომობილი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის. ავტომანქანა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება.
ავტომობილის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი. ცერემონიას, ასევე, დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოადგილე - კატრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე - სტეფანი ბეგლი და US ODC საქართველოს ოფისის უფროსი - ჯოზეფ ბილბო.
სტუმრებმა ახალ სახანძრო მანქანასთან ერთად დაათვალიერეს „ტოიოტა ლენდ-კრუიზერის“ მარკის სპეციალიზებული ავტომობილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს US ODC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 6 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე თვის წინ გადაეცა.