შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ლევან ღირსიაშვილი პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარდგა

ლევან ღირსიაშვილი პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარდგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წინაშე მოხსნებით წარდგა.

საკომიტეტო მოსმენა ხანძრებსა და მათ პრევენციას შეეხებოდა. ლევან ღირსიაშვილმა ტყის ხანძრის ქრობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარდა კლიმატური პირობებისა, არსებობს სხვა გარემოებებიც, რომლებიც განაპირობებს ბუნებრივი ხანძრების გაჩენას. მათ შორის, პრობლემად რჩება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს სავარგულების გადაწვა, მონადირეების მიერ ტყეში დანთებული ცეცხლის უყურადღებოდ დატოვება და მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვა სახის დაუდევარი მოქმედება. სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, რასაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს. საუბარი, ასევე, შეეხო სამსახურში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ სიახლეებს. ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, სამსახურის ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი სწორედ ტყის ხანძრების ქრობის სპეციალური ტექნიკის შესყიდვაზეა მობილიზებული, რამაც უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგი სხვადასხვა რეგიონში ხანძრის ქრობისას. მისივე თქმით, გარდა ტექნიკური გაძლიერებისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია მეხანძრე-მაშველთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.

საკომიტეტო მოსმენის დამსწრეებმა მოისმინეს ინფორმაცია სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტის - "მოხალისეს" შესახებ, რომლის საპილოტე პროგრამა სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში რამდენიმე თვეა მოქმედებს. ლევან ღირსიაშვილმა აღნიშნა, რომ ტყის ხანძრის ქრობისა და პრევენციის პროცესში, მნიშვნელოვანია სხვადასხვა მომიჯნავე უწყების, მათ შორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობა.

საკომიტეტო მოსმენას კანონმდებლებთან ერთად ესწრებოდნენ აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და დარგის სპეციალისტები. მოხსენების დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ დარბაზში მყოფების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

კომიტეტი მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, შეიმუშავებს პოზიციას, რომელიც მომავალ პარლამენტს წარედგინება.