გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ - სამარიტერ - ბუნდ (ASB) - თან თანამშრომლობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა.
საჩუქარი ხელს შეუწყობს საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიების გახორციელებას. საველე კარვების მოცულობა 50 კვადრატული მეტრია და მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პანდემიის დასრულების შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საველე კარვების გადაცემის ღონისძიება სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა, ASB-ს დირექტორს საქართველოში - დიმიტრი ტოდოროვიჩს
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ორგანიზაცია ASB საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების აქტივობებსა და პროექტებში 2010 წლიდანაა ჩართული. ASB და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამოქალაქო დაცვის, პირველადი დახმარებისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით წლებია აქტიურად თანამშრომლობენ.