შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამართა სახანძრო-სამაშველო სწავლება - ‘’მეტროპოლიტენი 2020’’. სწავლება თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურის: ‘’სადგურის მოედნის’’, ‘’წერეთლისა’’ და ‘’ნაძალადევის’’ მიმდებარე ტერიტორიებზე და გვირაბებში მიმდინარეობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სამოქალაქო უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112", საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია.
სამინისტროს თანამშრომლებმა მეტროპოლიტენში გაჩენილი ხანძრის დროს მოქმედების ყველა ეტაპი მაქსიმალურად რეალურ დროში, პირობებში და ლოკაციებზე გაიარეს. სასწავლო ოპერაციის სცენარის მიხედვით, ხანძარი მოძრავ მატარებელში "გაჩნდა", რის შემდეგაც, მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს ადგილზე გამოცხადება, ხანძრის ჩაქრობა და გვირაბებიდან მოქალაქეების ევაკუაცია.
ღონისძიებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, ჩართული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.
უახლოეს მომავალში შეიქმნება წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რაც მეტროში მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს უწყებათაშორის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.