შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში. უკვე მეორე დღეა, ჩვენი სპეცმანქანებით, თბილისის მერიას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში ვეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მსგავს ღონისძებებში ჩართულობას აქტიურად განვაგრძობთ. მინდა მადლობა ვუთხრა ქალაქის მერს კახა კალაძეს შესრულებული სამუშაოებისთვის და აღვნიშნო, რომ ერთობლივ ბრძოლას გავაგრძელებთ ვირუსის დამარცხებამდე,”- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

„შესაბამისი ხსნარებით ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. მსგავსი ღონისძიება სამ ლოკაციაზე უკვე ჩატარდა. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. დღეს სამუშაოები ქავთარაძის ქუჩაზე განხორციელდება. ასევე, დამუშავდება გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა იმ ქუჩაზე გავარგძელებთ, რომელიც ხალხმრავალია. ავტომობილების სავალი ნაწილის გარდა, ასევე, მუშავდება ტროტუარები. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ მოერევა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების სახით, ამის გაკეთება მნიშნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს თბილისის მერთან ერთად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.