შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში იყო დაშავებული ტურისტი, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
ადგილზე, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა დაშავებული ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ომალოს მიმართულებით, სადაც დაშავებული ტურისტი იმყოფებოდა, თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. ტურისტი გადმოყვანილია თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის მუნიციპალეტეტის სამაშველო ჯგუფი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.