შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2 სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და სხვენის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტო კიბე და ცოცხალი ძალა 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით.