შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში, ორმხრივი სიმულაციური სწავლება ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ურბანული ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მეხანძრე-მაშველების ეფექტიანი მუშაობის ხარისხის ზრდას. წვრთნებთან ერთად დაგეგმილია ქართველი ტრენერების გადამზადება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სიმულაციური სავარჯიშოების დამონტაჟება და ქართული მხარისთვის სხვა სახანძრო აღჭურვილობის გადაცემაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა პოლონელ კოლეგებს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეები უკვე წლებია, პროექტის "პოლონეთის დახმარება’’ ფარგლებში თანამშრომლობენ, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორისი სწავლებების ჩატარების კუთხით.
პოლონური მხარის განმარტებით, ისინი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძობენ.
ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - შალვა კვინიხიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი. პოლონეთის დელეგაციას კი, სახანძრო სამსახურის გენერალი ტადეუშ ჯოპეკი, ვიცე პოლკოვნიკი კრშიშტოფ პიეტრასიკი და ვიცე პოლკოვნიკი მარჩინ კედრა წარმოადგენდნენ.