საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის ერთობლივი საველე სწავლება (DAK) გაიარეს.
სწავლება თურქეთში, ქალაქ ანკარაში გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ მეხანძრე-მაშველები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
კურსი შეეხებოდა მიწისძვრით გამოწვეულ სხვადასხვა სახის ინციდენტებს. სამი დღის განმავლობაში ქართველი მეხანძრე-მაშველები უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოებდნენ ნანგრევებში საძიებო-სამაშველო, ასევე, ავტოკატასტროფის შედეგად დაზარალებულის ავტომანქანიდან გამოყვანისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის ოპერაციებს.
მეხანძრე-მაშველებმა გამოცდილება შეიძინეს ბუნებრივი კატასტროფის დროს დაზარალებული ქვეყნისათვის დროული დახმარების აღმოჩენის და ადგილობრივ სამაშველო სამსახურებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის წარმართვის კუთხით.
კურსის განმავლობაში, საქართველოს დელეგაციამ მოინახულა თურქეთის სამაშველო სამსახურის (AFAD) საწვრთნელი ბაზა. თურქულმა მხარემ ქართველ კოლეგებს გაუზარა გამოცდილება და მოაწყო საჩვენებელი პრაქტიკული სწავლებები.