საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში ჩაერთვება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში ჩაერთვება. ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან შეხვედრისას ისაუბრა.
შეთანხმება უახლოეს თვეებში ევროკომისიის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორთან გაფორმდება. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სსმს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში ევროკავშირთან ითანამშრომლებს.
"დარწმუნებული ვარ, 2018 წლიდან ჩვენი თანამშრომლობა იქნება უფრო მეტად ნაყოფიერი. ასევე დარწმუნებული ვარ, ევროკომისია გამოთქვამს სურვილს, მხარი დაუჭიროს ჩვენს ერთობლივ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამსახურის ჩამოყალიბებას და განვითარებას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ერიკ ჰოგთან შეხვედრისას.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს და ის პროექტები განიხილეს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ევროკავშირთან ერთად ახორციელებს.