შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ს. მგალობლიშვილის ქუჩაზე, სასმელი წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა და გადმოღვრილმა წყალმა მიმდებარე ტერიტორია დატბორა. შეტყვობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და ყველა სხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები.
მომხდარის შედეგად, დაზიანდა საავტომობილო გზის ნაწილი - ძლიერმა წყლის ნაკადმა გამოიწვია ასფალტის დონის დაწევა, რამაც ორმო წარმოქმნა და პარკინგზე მდგარი ორი მსუბუქი ავტომანქანა ჩაიყოლა. ამასთანავე, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიც.
მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოეს. ორმოდან ამოიყვანეს მსუბუქი ავტომანქანებიც.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და შესაბამისი სამსახურები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ატარებენ.