“ეროვნული მედეგობის პლატფორმის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაიწყო.
პირველი საკოორდინაციო შეხვედრა დღეს სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა.
ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა გახსნა.
მედეგობის პლატფორმა იქნება საკოორდინაციო მექანიზმი კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში და გააერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით პრიორიტეტებისა და კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად. პლატფორმის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ღონისძიებები, რაც მიმართული იქნება ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, საზოგადოების მზადყოფნისთვის.
საკოორდინაციო შეხვედრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საერთაშორისო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children) თანაორგანიზებით გაიმართა და მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თბილისის მერიის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.