შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამოქალაქო უსაფრთხოების დარგში ევროკავშირის ექსპერტები ეწვივნენ.

ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის „ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და აზერბაიჯანში - SAILOR" ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში კატასტროფის რისკების შეფასებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მეთოდების გაცნობას.

ევროკავშირის ექსპერტები, კახეთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა სიღნაღის და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებები დაათვალიერეს და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას და სახანძრო-სამაშველო ტექნიკას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.

პროექტი დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (UCPM) საპროექტო გრანტის ფარგლებში და მიზნად ისახავს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივი საველე სწავლების ჩატარებას.