შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექსპერტებმა ამბროლაურში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექსპერტებმა ამბროლაურში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა ამბროლაურში ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებისთვის სპეციალური სემინარი ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ მეცადინეობებს, ასევე, პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის ფარგლებში მსმენელებმა საგანგებო მართვის გეგმის პირველადი დრაფტის მომზადებასა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსების პროცედურებზე იმუშავეს.

ხუთდღიანი სწავლების მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია, მოსახლეობის დაცვის მეთოდები, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები და სხვა მნიშვნელოვან საკითხები.

სწავლებას აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) და აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიის ექსპერტები ესწრებოდნენ. სემინარში მონაწილეობა ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერის და ონის მერიის უფლებამოსილი პირებმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

ვიზიტის დასასრულს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) და აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიის ექსპერტებმა შეხვედრა გამართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს.

სწავლების მთავარ მიზანს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და შესაბამისი სამსახურების საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნის და რეაგირების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.