შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.
მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.