შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, შალვა გათენდაშვილმა იაპონიაში „ხანძრის მართვისა და კატასტროფების რისკის შემცირების“ ორთვიანი სასწავლო კურსი გაიარა.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით გამართული სასწავლო კურსი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ წვრთნებს. სწავლების მიმდინარეობისას მონაწილეებმა, შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით, ხანძრის ქრობის ტექნიკის, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარების, რისკებისა და ინციდენტების მართვის სავარჯიშოები გაიარეს.
სასწავლო კურსის მიზანს მონაწილეებისთვის იაპონური მხარის გამოცდილების გაზიარება და იაპონიის სახანძრო-სამაშველო სისტემის გაცნობა წარმოადგენდა. მონაწილეები, ასევე, კატასტროფების რისკის შემცირების მექანიზმებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდგომ კი, სერტიფიკატები გადაეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით და ამ თანამშრომლობის ფარგლებში სამსახურის არაერთი თანამშრომლის პროფესიული გადამზადება განხორციელდა.