შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კიდევ ერთი თანამედროვე სწრაფმავალი სამაშველო კატარღა გადმოეცა. ღონისძიება ქალაქ ბათუმში, სამაშველო განყოფილების ტერიტორიაზე გაიმართა და მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამაშველო კატარღა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირებისა და ცეცხლის ქრობის საშუალებები, რაც მეტად ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც სამაშველო-საძიებო, ასევე სახანძრო ოპერაციებს.
სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 ერთეული სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად ხორციელდება.