შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები საერთაშორისო ექსპერტების მიერ წყალზე სამაშველო ოპერაციების ჩატარების საკითხებზე გადამზადდნენ.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა წყალზე მაშველი ინსტრუქტორის როლი და პასუხისმგებლობა, საფრთხეებისა და რისკების შეფასება, უბედური შემთხვევებისა და უსაფრთხო ღონისძიებების მართვა და აღჭურვილობის პრაქტიკული გამოყენების საკითხები.
ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში.
პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.