შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ვასილ გედევანიშვილს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ნინო ანთაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების რისკების შეფასების, კატასტროფის რისკების მონაცემთა მართვის ერთიანი სისტემის დანერგვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მუნიციპალურ დონეზე შემუშავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობას ეხმარება შეიმუშაოს და დანერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM) პროაქტიული მიდგომა, რომელიც მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას.