შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ინციდენტების მართვის საკითხებზე გადამზადდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ინციდენტების მართვის საკითხებზე გადამზადდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ინციდენტების მართვის საკითხებზე მომზადების კურსი გაიარეს. სწავლებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ინციდენტების მართვის სისტემები, მათი სტრუქტურა და როლები, რისკის/ინციდენტის შეფასება, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.

სწავლებას უძღვებოდნენ ევროკავშირის ექსპერტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამხმარე ინსტრუქტორები. ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

აღნიშნული სწავლება განხორციელდა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ფარგლებში.

პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.