შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მედიასთან შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

თემურ მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და ზოგადად განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.