შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის მიერ გადმოცემული სპეციალური სამაშველო ავტო-ტექნიკის შესაძლებლობების დემონსტრირება განხორციელდა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი და საქართველოსა და პოლონეთის სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, პოლონელი ინსტრუქტორების მიერ საქართველოში და პოლონეთში გადამზადებულმა ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა, სიმაღლიდან თოკით დაშვების სამაშველო ოპერაციებიც შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სახანძრო მანქანის სპეციალური პლანშეტებიც გადასცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასთან, პოლონეთის დახმარების ფონდსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთხელ განხორციელდა მეხანძრე-მაშველების გადამზადების კურსი და ქართულ მხარეს სხვადასხვა სახის სპეციალური ავტო-ტექნიკა და აღჭურვილობა გადმოეცა.