შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) კონტრაქტორ ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფი ესტუმრა. სამუშაო შეხვედრა პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში განხორციელდა.
სტუმრები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სწავლებებისა და გადამზადების მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება განიხილეს. ექსპერტთა ჯგუფის წევრები, ასევე დაინტერესდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის სასწავლო ცენტრისა და ოპერატიული მართვის ცენტრის ფუნქციონირებით და პროექტ „მოხალისეს“ განვითარებით.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპროექტო მომსახურების ოფისის კონტრაქტორ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მოინახულეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზა და სასწავლო ცენტრი. ეწვივნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარ სამმართველოსა და ქვემო ქართლის ოპერატიული მართვის ცენტრებს. ბორჯომის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში შეხვედრა გამართეს მოხალისეთა გუნდთან და ასევე, მოინახულეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.
პროექტი „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ევროკავშირის პროგრამის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშ ვალდებულებებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ (EU-SAFE) ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს დაგეგმილია არაერთი აქტივობის განხორციელება, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება სწავლებებისა და გადამზადების მიმართულებით. ასევე, მოხალისეთა სისტემის განვითარება და სხვა აქტივობები.