საგანგებო სიტუაციების შესახებ მრავალეროვნული სწავლება ოფიციალურად დასრულდა. დახურვის ცერემონიალზე პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, როინ ვარშანიძემ და მოადგილემ, ზურაბ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
საგანგებო სიტუაციების შესახებ ერთკვირიანი მრავალეროვნული სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა.
წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში განხორციელდა.
საველე წვრთნებში 400-ზე მეტი საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირე ჯგუფის წევრი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან მონაწილეობდა. სწავლებაში ასევე ჩართული იყო უკრაინის, იტალიის, შვედეთის და ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის გუნდები, საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები, ეროვნული გვარდია, ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის დელეგაცია, CBRN ეროვნული ცენტრი და იტალიის წითელი ჯვარი.