შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის IV კურსის იუნკრები ესტუმრნენ.
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამთავრებელი კურსის იუნკრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს და სტუმრებს სამსახურის საქმიანობა გააცნეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებმა სახანძრო-სამაშველო ძალების სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და მეხანძრე-მაშველებისგან მათი ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მომავალი ოფიცრები ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, სამთო-სამაშველო, ურბანული ხანძრის ქრობისა და დაშავებულის ევაკუაციის სიმულაციურ პრაქტიკულ სავარჯიშოებს გაეცნენ. იუნკრებისთვის მაშველი ძაღლის მონაწილეობით სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებაც განხორციელდა.