შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და ევროკავშირმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური წყალქვეშა რობოტი გადასცეს

გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და ევროკავშირმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური წყალქვეშა რობოტი გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), ევროკავშირის მხარდაჭერით, უნიკალური, წყალზე სამაშველო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გადასცა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მსგავსი მოწყობილობა პირველად გადაეცა, რაც მეხანძრე-მაშველებს შესაძლებლობას მისცემს, წყლის ქვეშ ძებნა-შველის ღონისძიებები დისტანციურად წარმართონ.

ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით საგრძნობლად შემცირდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ვადები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამსახურის შესაძლებლობებს. ეს, თავის მხრივ, გააუმჯობესებს სააგენტოს მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისების ეფექტურობას.

სპეციალური მოწყობილობის შესაძლებლობებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო.

აღნიშნული წყალქვეშა რობოტი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს გადაეცემა.  

ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერას უწევს პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის  მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.