შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სპეციალურ სასწავლო ცენტრში მეხანძრე-მაშველთა საბაზისო მომზადების კურსი დაიწყო

სპეციალურ სასწავლო ცენტრში მეხანძრე-მაშველთა საბაზისო მომზადების კურსი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურ სასწავლო ცენტრში მეხანძრე-მაშველთა საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო განახლებული პროგრამა დაიწყო.

22 მეხანძრე-მაშველი როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს 6 კვირის განმავლობაში გაივლის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გადამზადდებიან პირველად დახმარებაში, ფსიქოლოგიაში, სახმელეთო ნავიგაციაში, რადიოკავშირის გამოყენებაში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებაში, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მეთოდებსა და სხვა სახანძრო-სამაშველო საკითხებში. კურსის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველთა მომზადება განახლებული პროგრამით განხორციელდება. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღნიშნულ კურსს განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირველად ატარებს ახლად შექმნილი სპეციალური სასწავლო ცენტრი, რომელიც სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში, როგორც მეხანძრე-მაშველებს, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლების პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

სპეციალური სასწავლო ცენტრი 2022 წელს, საქართველოს კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შედეგად შეიქმნა. ცენტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.