შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფართომასშტაბიან და მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2023 წელს საქართველოში გაიმართება. სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის - "PPRD East 3"-ის ფარგლებში ჩატარდება. იგი მიზნად ისახავს ტყის ხანძრებზე რეაგირების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის კოორდინირებული მოქმედების პრინციპების დახვეწას.
საველე სწავლების პირველი დაგეგმარების კონფერენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, როინ ვარშანიძემ გახსნა. კონფერენციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პროგრამა "PPRD East 3"-ის ექსპერტები, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია პარტნიორ სახელმწიფოების შესახებ, ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პირობებზე, სწავლების სცენარსა და საველე სწავლების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ლოჯისტიკურ საკითხებზე.
PPRD წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს, რომლის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლება. PPRD პროექტში, საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები არიან: უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
PPRD პროექტის მესამე ფაზის წამყვან უწყებას წარმოადგენს შვედეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2020 წელს დაიწყო, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და შეიქმნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, სადაც წამყვანი უწყებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.