შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსს სკოტ ჯაკელსს შეხვდა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, შეხვედრისას ხაზი გაესვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას სამხედრო-სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლობის შედეგებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, როინ ვარშანიძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის სწავლებებისა და სემინარების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, აღნიშნული ოფისის დახმარებით მნიშვნელოვანად გაძლიერდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობები.