შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახური სამაშველო ავტოტექნიკას გადასცემს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახური სამაშველო ავტოტექნიკას გადასცემს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონური მხარის გადაწყვეტილებით, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების გასაძლიერებლად, 2023 წელს სამი ერთეული მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

 

აღნიშნული ინიციატივის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის დელეგაციის ვიზიტისას გახდა ცნობილი. 

 

პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - დავით სუხიშვილმა უმასპინძლა. მან სტუმრებს სამსახურის საქმიანობისა და რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  სამთო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო კუთხით თანამშრომლობის განვითარებას.

 

ვიზიტის ფარგლებში, პოლონელმა პარტნიორებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფი მოინახულეს, სადაც ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.

 

სტუმრებმა ასევე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“.

 

პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 

პროექტის - „საქართველოში კრიზისების მართვის ფარგლებში სამაშველო დანაყოფების ქსელის ანალიზი და განვითარება“ - ფარგლებში განხორციელდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მრავალი წელია თანამშრომლობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასთან, პოლონეთის დახმარების ფონდსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან. თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს არაერთხელ, უსასყიდლოდ გადმოეცა სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ქართველ მეხანძრე-მაშველებს ხშირად უტარდებათ სწავლება და გადამზადების კურსი პოლონელი ინსტრუქტორების მიერ, როგორც პოლონეთში, ასევე, საქართველოში.