შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, ევროკავშირის პროგრამის - ,,პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მე-3 ფაზა” PPRD East 3-ის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი ჩაუტარდათ.
სწავლების პირველი ეტაპი 7-10 ივნისს ფინეთში, ქალაქ კუოპიოში გაიმართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი თანამშრომელი გადამზადდა. მეორე ეტაპი კი თბილისში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, PPRD East 3-ის პროგრამის ფინელი ინსტრუქტორები და მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანისა და მოლდოვის წარმომადგენლები საქართველოს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ.
ტრენინგში საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 3 თანამშრომელი იყო ჩართული. სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებების შესაძლებლობების განვითარება, ცოდნის გაზიარება, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მოხალისეთა სისტემა, რეგიონული თანამშრომლობა, ადრეული გაფრთხილების სისტემა და რისკის შეფასება/მართვა.
შემაჯამებელ ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე როინ ვარშანიძე დაესწრო. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.