შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონური მხარის მიერ მრავალჯერადი გამოყენების მსუბუქი ავტომანქანის სიმულატორი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონური მხარის მიერ მრავალჯერადი გამოყენების მსუბუქი ავტომანქანის სიმულატორი გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ვარშავის ცენტრალური სახანძრო სკოლის რექტორი, გენერალი მარიუშ  ფელტინოვსკი დელეგაციასთან ერთად ეწვია. პოლონელ სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, როინ ვარშანიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსი, არჩილ ქავთარაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ავტო-საგზაო შემთხვევაზე რეაგირების მრავალჯერადი გამოყენების მსუბუქი ავტომანქანის სიმულატორის გადაცემის სიმბოლურ სერტიფიკატს მოაწერეს ხელი. აღნიშნული სპეციალური ტექნიკის გადმოცემა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ვარშავის ცენტრალურმა სკოლამ უზრუნველყო. 

სიმულატორის დახმარებით შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ავტოსაგზაო ინციდენტზე რეაგირების მიმართულებით ეფექტიანი სწავლებების განხორციელება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარშავის ცენტრალურ სახანძრო სკოლასთან მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. ასევე, ქართველი ინსტრუქტორებისთვის არაერთი სწავლება ჩატარდა და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება მოხდა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეხანძრე-მაშველთა საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას.