შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თელავში სწავლება ჩაატარეს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
სწავლების დასკვნით ფაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა სეფიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ.
ტრენინგში მონაწილეობდნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელები და სამსახურის უფროსები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები.
ტრენინგი პროექტის - „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ - ფარგლებში განხორციელდა და კატასტროფების დროს რეაგირების საკითხებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადებას ისახავდა მიზნად. სწავლების დასკვნითი ფაზა კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს - 13 ოქტომბერს განხორციელდა.
სწავლების ფარგლებში შეიქმნა ორი სიმულაციური შტაბი - თელავის მერიის შენობაში ადგილობრივი საგანგებო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე საველე ოპერაციების შტაბი. ტრენინგის სცენარის მიხედვით, მონაწილეებმა რეაგირება მოახდინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე "კატასტროფული წყალმოვარდნის ინციდენტზე". წვრთნები მოიცავდა მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმებას, ნაკლოვანებათა გამოვლენას, გაანალიზებას და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას.