შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაწეული სამსახურისათვის დაჯილდოვდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაწეული სამსახურისათვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მაშველები მიმდინარე წლის საზღვაო სეზონზე სამაშველო ოპერაციების წარმატებით განხორციელებისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, როინ ვარშანიძემ და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების სამმართველოს 2 მაშველს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა კი, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების 10 მაშველს სპეციალური ჯილდოები გადასცა და წარმატებები უსურვა.

2022 წლის საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 213 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და 117 დაკარგული მოქალაქე იპოვეს. მაშველებმა ტურისტული სეზონის მიმდინარეობისას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 62 მოქალაქეს.

ზღვის, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ზოლებზე 320-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად მორიგეობდა. სეზონური მაშველების ანაზღაურება, წინა წლებთან შედარებით, 25%-ით პროცენტით არის გაზრდილი.