თურქეთში, ქალაქ კონიაში სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ქრობის თემატიკაზე სწავლება ჩაუტარდათ. მეხანძრე-მაშველთა გადამზადება რადიოსადგურის გამოყენებას, სახანძრო სიმულაციურ სწავლებას, ხანძრის ქრობის სხვადასხვა პრინციპებს, პირველად დახმარებას, აღჭურვილობით ყვინთვას, შემთხვევის ადგილის შესწავლას, ბაგირით ცოცვას და სხვა სამაშველო-სახანძრო ოპერაციების საკითხებს მოიცავდა. სწავლების ბოლოს მეხანძრე-მაშველებს პრაქტიკული მეცადინეობა ხანძრის დროს ძებნა-გადარჩენაში ჩაუტარდათ და მიღებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების გადამზადების პირველი ეტაპი საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ჩატარდა. სახანძრო-სამაშველო სწავლებაში 26 მეხანძრე-მაშველი საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იყო ჩართული.
სახანძრო-სამაშველო სწავლება თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TIKA) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.