ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში პროექტი „მოხალისე“ დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე პროექტ „მოხალისისთვის“ შერჩეულ კანდიდატებს შეხვდნენ და მათ სპეციალური უნიფორმები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სოფელ ღორჯომის "მოხალისეებს" დღესვე სახანძრო ავტო-ცისტერნა, შესაბამისი აღჭურვილობით გადასცა.
პროექტი "მოხალისე" ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და უახლოეს მომავალში რეგიონის სხვა რაიონებს მოიცავს.
„მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. პროექტი ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ორგანიზებულ ჩართულობას ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობაში, ხანძრების შემთხვევაში კი პირველადი რეაგირების დრო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტ „მოხალისის“ მონაწილეების უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გააკონტროლებს.
შერჩეულ მოხალისეებს ადგილზე გადაამზადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ისინი სრულად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში. პროექტ „მოხალისის“ გახორციელება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაიწყო. ამ დროისთვის პროექტში სულ 313 მოხალისეა ჩართული.