შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ტყის ხანძრებისა და მათი პრევენციის შესახებ ისაუბრა.
პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ბორჯომის მუნიციპალიტეტში და პარალელურად, სხვა რეგიონებში მომხდარ ხანძრებზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრების ქრობის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული უწყებების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ტყის ხანძრებზე რეაგირების შესახებ და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებზე დეტალურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ დაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება ასევე, სახანძრო-სამაშველო ძალებისთვის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, კერძოდ დაგეგმილია რამდენიმე ათეული სახანძრო ავტო-ცისტერნის შეძენა და შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა დეპუტატების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სირთულის არაერთ ტყის ხანძარზე მოახდინა რეაგირება.