შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს PPRD East-ის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს PPRD East-ის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სტუმრად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის PPRD East 3-ის ექსპერტები იმყოფებოდნენ. შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამართეს და სტუმრებს ბოლო პერიოდში, საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოში ექსპერტების ჩამოსვლის მთავარი მიზანია ინფორმაციის მიღება, თუ როგორ თანამშრომლობენ საქართველოში სხვადასხვა უწყებები საგანგებო სიტუაციების დროს და თუ როგორია თითოეული უწყების როლი და ფუნქციები მსგავსი შემთხვევების მართვისას. PPRD East 3-ის ექსპერტებმა პირველი შეხვედრა მთავარ მორეაგირე უწყებასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები, ასევე, იმართება გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, ასევე, საპილოტე მუნიციპალიტეტების (თელავის და ბორჯომის) მერებთან.

PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტია, რომლის მთავარი ამოცანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. პროექტში საქართველო უკრაინასთან, სომხეთთან, მოლდოვასთან და აზერბაიჯანთან ერთადაა ჩართული. PPRD East 3-ის პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2024 წლამდე გაგრძელდება.