შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი ავსტრიული სახანძრო და სამთო სამაშველო სისტემის გაცნობა და მეხანძრე-მაშველთა სასწავლო ცენტრის დათვალიერება იყო. ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა სპეციალისტებმა ინფორმაცია მიიღეს როგორც ადგილობრივი პროფესიონალი მეხანძრე-მაშველების, ასევე, მოხალისეთა სახანძრო ჯგუფების საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ტიროლის რეგიონსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხი.
ავსტრიის რესპუბლიკაში ქართულ დელეგაციას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ სამსახურის ადმინისტრირების და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოების თანამშრომლები.
სამუშაო ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერაციული მიწის სახანძრო-სამაშველო დანაყოფს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ტიროლის რეგიონში, ორი ქვეყნის სამსახურებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ერთობლივი სწავლებების და პროექტების დაგეგმვა იყო, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარებისთვის და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.