შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველთა მომზადების კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

მეხანძრე-მაშველთა მომზადების კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მომზადების კურსი დასრულდა. საბაზისო მომზადების კურსი ახალი პროგრამის მიხედვით ჩატარდა და მასში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 22 თანამშრომელი საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იყო ჩართული.

5 კვირიანი კურსის მიმდინარეობისას მეხანძრე-მაშველებს სწავლებები ჩაუტარდათ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ასევე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საფუძვლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. სწავლების პერიოდში მსმენელებმა თითოეული მოდულის ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს აკადემიის გამოცდილი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების დასკვნითი ღონისძიება შსს აკადემიაში გაიმართა. კურსის მონაწილეებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - მამუკა სეფიაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა გადასცეს.

მეხანძრე-მაშველთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი აპრობირებული პრაქტიკის და მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი და მას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი ეტაპობრივად გადის.