შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც სამთო და წყალზე სამაშველო საკითხებზე გამართული სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
სასწავლო კურსი როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მიმართულებებს მოიცავდა. 5 დღიანი სწავლების მიმდინარეობისას, ავსტრიელი ექსპერტების მიერ დეტალურად იყო განხილული სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციის ჩატარების მეთოდები და არსებული გამოცდილება. სწავლების პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა ადგილობრივი სამაშველო-სასწავლო ინფრასტრუქტურა და ინფორმაცია მიიღო ავსტრიის მეხანძრე-მაშველთა მომზადების სისტემის შესახებ.
სწავლება ევროკავშირის UCPM-ის ექსპერტთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.